ტიტების მანიიდან მარადიულ ელეგანტურობამდე

როცა გაზაფხულის სიცოცხლით სავსე და ნაზ ყვავილებზე ფიქრობ, პირველი, რაც გახსენდება, ალბათ ტიტაა. ტიტამ მებაღეობის მოყვარულთა გულები მთელ მსოფლიოში დიდი ხნის წინ დაიპყრო და ეს არც არის გასაკვირი. ამ ბლოგში მოგიყვებით ტიტების ისტორიას, მისი მოვლის წესებს, წარმოგიდგენთ სხვადასხვა სახეობებს და მათ დანიშნულებას.

ტიტების ისტორია

ტიტების წარმოშობას ცენტრალური აზიის მთიან რეგიონებს უკავშირებენ, უფრო კონკრეტულად პამირისა და ტიან-შანის რეგიონებს. მიიჩნევა, რომ აქ ველური ტიტების სახეობები 10-20 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ტიტების კულტივაცია კი ირანში დაიწყო, დაახლოებით მე-10 საუკუნეში. ადრეული ჯიშები სავარაუდოდ აღმოცენდა ბაღებში სხვა ველურ მცენარეებთან ჰიბრიდიზაციის შედეგად, რასაც მებაღეები სავარაუდოდ ზომის ან გამძლეობის გასაუმჯობესებლად მიმართავდნენ.

სპარსულ პოეზიასა და ხელოვნებაში ტიტას სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭებოდა, ხშირად გამოხატავდა სიუხვესა და სრულყოფილ შეყვარებულს. სპარსული ფოლკლორის მე-6 საუკუნით დათარიღებულ ერთ-ერთ ეგზოტიკურ ამბავში ნათქვამია, რომ ტიტები აღმოცენდა ფარჰადისა და შირინის სისხლისაგან, რომლებთაც უყვარდათ ერთმანეთი მაგრამ ბედისწერამ მათ ერთად ყოფნა არ არგუნა. ეს ამბავი მოგვაგონებს რომეოსა და ჯულიეტას ისტორიას და ჩვენ მათ ქვემოთ მოგიყვებით:

ქვის მჭრელ ფარჰადს უყვარდა პრინცესა შირინი და სურდა მისი გულის მოგება. პრინცესამ ეს შეიტყო და არც ენახვებოდა ფარჰადს, რა უნდოდა პრინცესას უბრალო ქვის მჭრელთან?! ფარჰადი ავიდა მთაზე თავისი ფლეიტით და პრინცესა შირინის სადიდებლად მშვენიერი მუსიკა შეასრულა, თუმცა უშედეგოდ. უპასუხო სიყვარულით დატანჯული ფარჰადი შიმშილობდა და მალე სოფლელებმა ის მთელი ქალაქის სალაპარაკო გახადეს. მათ შეეცოდათ ქვის მჭრელი და გადაწყვიტეს მისი პრინცესასთან შეხვედრა მოეწყოთ. პრინცესა შირინი მისმა მოახლე ქალმა ტყეში მიიყვანა, სადაც მან ფარჰადის მუსიკა მოისმინა და შეუყვარდა.

შაჰს არ მოსწონდა, რომ მის ქალიშვილს მასზე დაბლა მდგომი უყვარდა. მან იცოდა, რომ თუკი პირდაპირ აუკრძალავდა შირინს ფარჰადის სიყვარულს, შესაძლოა დაეკარგა იგი, ამიტომ გეგმა დასახა. მან მოიფიქრა ისეთი დავალება, რომელსაც გმირებიც კი ვერ დაძლევდნენ, ფარჰადი კი მხოლოდ მისი შესრულების შემთხვევაში შეძლებდა პრინცესასთან ყოფნას. შაჰმა დაავალა შირინს, რომ მას თავად ეთხოვა ქვის მჭრელისათვის ამ დავალების შესრულება.

პრინცესა შირინი მივიდა ფარჰადთან და სთხოვა მთის ფუძეში გაეთხარა არხი, რომელიც იქნებოდა ექვსასი შუბის სიგანე, სამი შუბის სიღრმე და ორმოცი მილის სიგრძე. ფარჰადმა თვალის დაუხამხამებლად აიღო თავისი ნიჩაბი და დაიძრა მთისკენ, წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა გამთენიიდან დაბნელებამდე. პრინცესა ფარულად უყურებდა როგორ მუშაობდა ფარჰადი და უფრო და უფრო უყვარდებოდა იგი.

შაჰის ყურამდე მივიდა, რომ ფარჰადმა თითქმის შეასრულა დავალება. ამიტომ მან მოიწვია თავისი ვეზირები და მათ ერთად გადაწყვიტეს ფარჰადისთვის მოახლე მიეგზავნათ, რომელიც მას ეტყოდა, რომ პრინცესა შირინი გარდაიცვალა. ვეზირები იმედოვნებდნენ, რომ გულგატეხილი ქვის მჭრელი დანებდებოდა და წავიდოდა.

მოახლე მართლაც მივიდა ფარჰადთან და მოახსენა დანაბარები. ფარჰადს თავიდან არ სჯეროდა, მაგრამ საბოლოოდ მოახლემ ის დაარწმუნა. დამწუხრებულმა ფარჰადმა თავისი ასტამით მოიკლა თავი და მისი სისხლი არხში ჩაიღვარა.

როდესაც პრინცესა შირინმა გაიგო ეს ამბავი, მან მიირბინა მთასთან რათა თავისი თვალით ენახა, სიმართლე იყო თუ არა მონაყოლი. როდესაც ფარჰადი მკვდარი ნახა, მანაც მოიკლა თავი. მათი სისხლი კი ერთად გროვდებოდა და თითოეული წვეთი ქმნიდა ტიტას, იმის სიმბოლოდ, რომ მათი სიყვარული სამუდამოდ იცოცხლებდა.

ალბათ ამ ამბის შემდეგ, ტიტა ყველაზე ძვირფასი ყვავილი გახდა სპარსულ სამყაროში. ტიტა, როგორც სიმბოლო, დღესაც გამოიყენება თანამედროვე ირანულ საახალწლო დღესასწაულ „ნოვრუზში“.

ტიტებს ანტიკური ავტორები არ მოიხსენიებენ, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ისინი ანატოლიაში სელჯუკების შესვლის შემდეგ გავრცელდა. ოსმალეთის იმპერიაში ტიტების ბევრი სახეობა გამოიყვანეს. ტიტას აქტიურად იყენებდნენ ოსმალეთის იმპერატორის ბაღებშიც.

ტიტებს თავის ნაწარმოებებში მოიხსენიებენ ომარ ხაიამი და ჯალალ ად-დინ რუმი:

როგორც ტიტები გაზაფხულზე, შენი ფინჯანიც იწევა მაღლა…

ომარ ხაიამი

დეკემბერი და იანვარი გავიდა

ტიტები ამოდიან, დროა ვუყუროთ

როგორ ირხევიან ხეები ქარში

და არასდროს ისვენებენ ვარდები

ჯალალ ად-დინ რუმი

ერთ-ერთ წყაროში, რომელიც 1495 წელზე უფრო ადრეა შექმნილი, ხორასნის მმართველი სულთანი ჰუსეინ ბაიქარა მოიხსენიებს ტიტას (ლალე). მოგოლთა იმპერიის (ინდოეთის სუბკონტინენტზე არსებული ისტორიული იმპერია) დამფუძნებელი ზაქირ ად-დინ მუჰამად ბაბური ასევე მოიხსენიებს ტიტებს თავის ბაბურნამაში. შესაძლოა სწორედ მან გააცნო ინდოეთის დაბლობებს ავღანეთიდან ჩატანილი ტიტა, ისევე როგორც ნესვი და ყურძენი. ტიტა თურქეთის ოფიციალური სიმბოლოა.

ოსმალეთის იმპერიაში ტიტას განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ პერიოდს „ტიტების ხანაც“ კი ეწოდება. ეს ყვავილი არა მხოლოდ მისი სილამაზის, არამედ სურნელისა და სამედიცინო დანიშნულების გამოც გამოჰყავდათ.

ტიტა ევროპას მე-16 საუკუნეში გააცნეს, თუმცა დაზუსტებით არ არის ცნობილი, ვინ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს უნდა ყოფილიყო ოჟიე გისლენ დე ბუსბეკი, ფერდინანდ I-ის ელჩი სულეიმან I-ის კარზე. მისი წერილის თანახმად, მან ნახა აუარებელი ყვავილები ოსმალეთში: ნარცისები, გიაცინტები და ყვავილი, რომელსაც უწოდებდნენ „ლალეს“, გასაკვირი კი ის იყო, რომ ისინი ნახა შუა ზამთარში, ანუ ყვავილებისათვის არა მეგობრულ სეზონზე.

გვიან მე-16 საუკუნეში, ტიტები ფართოდ გავრცელდა ნიდერლანდებში, კერძოდ ქალაქ ლეიდენში. ამას მოჰყვა ცნობილი ჰოლანდიური ტიტების ინდუსტრია. ტიტა გახდა სტატუსის სიმბოლო და მოთხოვნა მის ეგზოტიკურ და იშვიათ სახეობებზე ძალიან გაიზარდა.

ამას მოჰყვა „ტიტების მანია“ 1630-იან წლებში და ტიტების ბოლქვებს გადაჭარბებული ფასები დაედო. „ტიტების მანიის“ პიკში, ტიტის ერთი ბოლქვი შესაძლოა სახლზე უფრო ძვირიც კი ღირებულიყო, რამაც ეს პერიოდი აქცია ყველაზე სპეკულაციურ ეკონომიკურ ბაბლად ისტორიაში. 1637 წელს ტიტების ეს ბუშტი საბოლოოდ გასკდა და პრაქტიკულად ერთ ღამეში ბევრი ადამიანის გაკოტრება გამოიწვია, თუმცა ამ ყვავილმა მაინც შეინარჩუნა თავი, როგორც სილამაზისა და სტატუსის სიმბოლომ ჰოლანდიურ კულტურაში.

ტიტა, როგორც გაზაფხულის სიმბოლო

დღესდღეობით, ტიტა მიიჩნევა გაზაფხულის სიმბოლოდ. ის ბაღებისთვის, ფლორისტიკული კომპოზიციებისათვის, ღონისძიებების, ფესტივალებისა და ქორწილების გაფორმებებისათვის საკმაოდ პოპულარული არჩევანია. მათმა ადაპტაციამ სხვადასხვა კლიმატურ გარემოში, საშუალება მისცა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ ადამიანებს დამტკბარიყვნენ ტიტას სილამაზით და ტემპერატურის მიმართ მშვენიერი ცვალებადობით.

ტიტების მოვლა

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ტიტას სხვადასხვა კლიმატურ პირობებში შეუძლია ადაპტაცია. ჩარგეთ გნებავთ ბაღში, გნებავთ კონტეინერში და გამოიყენეთ ეს წესები, რათა შეინარჩუნოთ ტიტების ჯანმრთელობა და სილამაზე:

  • დარგვა: ტიტებისათვის უმჯობესია კარგად დრენირებული (წყლის მარტივად გამტარი) ნიადაგი და ისეთი ადგილი, რომელიც მზის სინათლეს დაუბრკოლებლად იღებს. სასურველია ბოლქვები ჩარგოთ შემოდგომას, დაახლოებით 6-8 კვირით ადრე პირველ ყინვამდე. ეს მათ საკმარის დროს მისცემს ფესვების გასადგმელად.
  • სიღრმე: ჩარგეთ ბოლქვები დაახლოებით მათი სიმაღლის სამჯერ უფრო დიდ სიღრმეზე, დიდი ბოლქვებისთვის ეს სავარაუდოდ 15სმ, ხოლო შედარებით პატარებისათვის 10სმ იქნება.
  • მორწყვა: სასურველია ნიადაგი ყოველთვის ნესტიანი იყოს, მაგრამ არა წყლით გადავსებული. ზედმეტმა ნესტმა შესაძლოა დაალპოს ბოლქვი. მორწყეთ ზომიერად ძილის სეზონზე (ზაფხულში) და მოუმატეთ მორწყვას მათი ზრდის პერიოდში (გაზაფხულზე).
  • ფერტილიზაცია: გამოიყენეთ დაბალანსებული, ნელა გამოთავისუფლებადი სასუქი დარგვისას და დაუმატეთ გაზაფხულზე, როცა პირველი ფოთლები გამოჩნდება.
  • მავნებლებთან ბრძოლა: მოარიდეთ ტიტებს ისეთი მავნებლები, როგორიცაა ბუგრები და ლოკოკინები. გამოიყენეთ შესაბამისი ზომები, რათა დაიცვათ თქვენი ტიტები ინფიცირებისაგან.

გაშლა და დახურვა

ტიტების ერთ-ერთი საინტერესო თვისებაა ყოველდღიურად გახსნა და დახურვა. ამ თვისებას თერმოტროპიზმი ეწოდება და გულისხმობს მცენარის რეაგირებას ტემპერატურის ცვლილებებზე. როდესაც ღამით გრილა, ტიტები ხურავენ ფურცლებს, რათა დაზოგონ ენერგია და დაიცვან ყვავილის მტვრიანა. დილით, როდესაც ტემპერატურა იზრდება, ტიტა იშლება, რათა მიიზიდოს პოლინატორები (დამმტვერავები).

თერმოტროპიზმი სხვა ყვავილებსაც ახასიათებს, თუმცა ტიტები მათ შორის გამორჩეულია მათი ფერებისა და ფართო შლის გამო. ამ საინტერესო პროცესზე დაკვირვება საკუთარ ბაღში სასიამოვნო გამოცდილებაა და თქვენს ყოველდღიურობას ბუნების ხელოვანებით ავსებს.

ჯადოსნური ფერები

ტიტებს მრავალ ფერში შეხვდებით, თითოეულ მათგანს უნიკალური სიმბოლიზმი და მიმზიდველობა აქვს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფერს და მათ მნიშვნელობას:

  • წითელი ტიტები: ხშირად ასოცირდება ღრმა სიყვარულთან და ვნებასთან. წითელი ტიტები კლასიკური არჩევანია რომანტიკული გრძნობების გამოსახატად.
  • ყვითელი ტიტები: გამოხატავს სითბოს და ბედნიერებას, მზის სხივებისა და მხიარული განწყობის სიმბოლოა.
  • თეთრი ტიტები: სისუფთავისა და მიტევების სიმბოლო, ხშირად გამოიყენება ქორწილების მოსართავად, ან ბოდიშის გამოსახატად.
  • იასამნისფერი ტიტები: დიდებულების და აღტაცების გამოხატულებაა.
  • ვარდისფერი ტიტები: ასახავს გატაცებას, თავდაჯერებულობასა და მადლიერებას.
  • ნარინჯისფერი ტიტები: ენერგიისა და ენთუზიაზმის ფერია, ამ ფერის ტიტები კი სიცოცხლესა და თავგადასავალს პიკანტურობას მატებს.
  • შავი ტიტები: ეს იშვიათი და ეგზოტიკური ტიტები გამოხატავს სიძლიერესა და ძალაუფლებას.

ტიტების ვარიაციები

ტიტების მრავალი სახეობაა ცნობილი და თითოეულ მათგანს უნიკალური მახასიათებლები აქვს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ინფორმაციას მათ რამდენიმე ტიპზე, ხოლო ტიტების ყიდვა კი შესაძლებელია „ლავლი როუზის“ მაღაზიებში.

დარვინის ჰიბრიდები: ეს სახეობა დარვინის უფრო ადრეული სახობებიდან მომდინარეობს და სწორედ მისი აღმომჩენის, ჩარლზ დარვინის სახელს ატარებს. ის გამოყვანილია „ტულიპა ფოსტეტიანა“ ჯიშიდან, რომელსაც სახელი დაერქვა სერ მაიკლ ფოსტერის საპატივსაცემოდ. სწორედ მან მოიპოვა ეს სახეობა ცენტრალურ აზიაში, სამარყანდთან ახლოს, 1904 წელს და მისი ბოლქვები ევროპას გააცნო. დარვინის ჰიბრიდი ცნობილია საკუთარი სიდიდით, ხშირად გამოიყენება საზოგადოებრივი პარკებსა და პეიზაჟებში, ასევე კარგია თაიგულებისა და კომპოზიციებისათვის, რის გამოც, მებაღეებისა და ფლორისტების ხშირი არჩევანია. ის დღესდღეობით ძირითადად ნიდერლანდებში მოჰყავთ.

თუთიყუში ტიტები: ამ ყვავილის კვირტი მწვანეა, თუმცა მომწიფებასთან ერთად, უფრო ნათელი ფერები იჩენს თავს. ეს სახეობა არის ტრიუმფის ტიტებთან სხვა სახეობების ბუნებრივი მუტაციების შედეგი. მე-17 და მე-18 საუკუნეების განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა ფერების გამოყვანის მცდელობა, რისთვისაც იყენებდნენ მტრედების განავალს, ძველ თაბაშირს და ჭუჭყიან, სამზარეულოს ჩამდინარე წყალსაც კი. თუთიყუში ტიტები სწორედ ამ დროს შეიქმნა საფრანგეთში და შემდეგ გავრცელდა ჰოლანდიაში. ამ უნიკალურ სახეობას ფოჩებიანი ფურცლები აქვს, რითაც თუთიყუშის ფრთებს წააგავს და საოცარი ვიზუალი აქვს.

ტრიუმფის ტიტები: ეს სახეობა წარმოიშვა დარვინის ტიტისა და ერთეული ადრეული ტიტის შეჯვარების გზით, მე-20 საუკუნის დასაწყისში. ფართო ფერთა არჩევანის გარდა, ეს სახეობა ასევე ცნობილია ძლიერი, გამძლე ღეროებითა და კლასიკური ტიტის ფორმებით. იდეალური არჩევანია ბაღისათვის, ღობესთან დასარგავად, ასევე შესაძლებელია კონტეინერში ჩარგვაც. ამ სახეობას ბევრი ფერი აქვს, მათ შორის მუქი წითელი და იისფერი. ტრიუმფის ტიტები გაზაფხულზე ყვავილობს და მათი კლასიკური ვიზუალის გამო, უფრო აკადემიური ბაღებისათვის ირჩევენ. იზრდება 25,5 სანტიმეტრიდან 60,5 სანტიმეტრამდე სიმაღლის.

ფოჩებიანი ტიტები: როგორც სახელი გვეუბნება, ამ ტიტების ფურცლებს ნაზი, ფოჩებიანი დაბოლოებები აქვს, რაც თქვენს ბაღს ელეგანტურობას შემატებს. მისი ვიზუალი გენეტიკური მუტაციის შედეგია. ის მე-18 საუკუნეში საფრანგეთში შეიქმნა და შემდეგ გაიტანეს ნიდერლადებში, სადაც უფრო დაიხვეწა. ის სიმაღლეში დაახლოებით 50 სანტიმეტრი იზრდება და შუა და გვიან გაზაფხულზე ყვავილობს. ამ სახეობის ზოგიერთი ტიტა ფერადია, კერძოდ ფოჩები სხვა ფერი აქვს და ფურცლის დარჩენილი ნაწილი სხვა, რაც უფრო ეგზოტიკურ იერს სძენს მას.

შროშანივით მოყვავილე ტიტები: ეს სახეობა 1950-იან წლებში გამოიყვანეს და ამ დროიდან საკმაოდ პოპულარული ბაღის ყვავილია. თავისი მოხდენილი, წაწვეტებული ფურცლებით შროშანს ჰგავს და გრაციოზული, დახვეწილი ვიზუალი აქვს. ისინი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერებში და ფორმის გარდა, გამძლეობითაც გამოირჩევა. იზრდება 40-დან 60 სანტიმეტრამდე და უმჯობესია დაირგას ქარისაგან დაცულ ადგილას. საუკეთესო შედეგისათვის, უმჯობესია დაირგას ჯგუფებად, ანუ 10-15 ბოლქვი ერთად, ან სხვა ყვავილების ბოლქვებთან ერთად მაინც. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ისინი მომწამვლელია ძაღლებისთვის, კატებისა და ცხენებისათვის.

გრეიგის ტიტები: ეს სახეობა თურქესტანის რეგიონიდან მოდის და აღწერილია ედუარდ ოგუსტ ფონ რეგელის მიერ თავის 1873 წელს გამოქვეყნებულ „გარტენფლორაში“. მას სახელი დაერქვა შოტლანდიელი ბოტანიკოსის – ჯონ გრეიგის საპატივსაცემოდ. ეს ტიტა გამორჩეულია თავისი წინწკლებიანი და ზოლებიანი ფოთლებით, რაც მას სასურველ არჩევანად აქცევს, მის ყვავილობამდეც კი. ტიტის კვალობაზე, ეს სახეობა, არც თუ ისე მაღალია – დაახლოებით 25 სანტიმეტრი იზრდება. სამაგიეროდ, მზეზე გაშლისას სიგანეში შეიძლება 13 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. კარგი არჩევანია ქვიანი ბაღებისა და ქოთნებისათვის.

ტიტების სეზონი

ტიტების სეზონი დამოკიდებულია მათ ლოკაციასა და კლიმატზე. რეგიონების უმეტესობაში, ტიტები ყვავილობენ გაზაფხულზე, როგორც წესი მარტიდან მაისის დასაწყისამდე. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ტიტებით თქვენს ბაღში უფრო ვრცელი პერიოდის განმავლობაში, თუკი სხვადასხვა სახეობებს დარგავთ, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ყვავილობენ.

ნიდერლანდები, რომელიც ტიტების საოცარი მინდვრებითაა ცნობილი, ყვავილობის სეზონი აპრილის განმავლობაშია პიკში. კიოკენჰოფის ბაღები, ასევე ცნობილი, როგორც „ევროპის ბაღი“, ტიტების მოყვარულებისათვის აღიარებული ადგილია. აქ ყვავილის შვიდ მილიონზე მეტს ბოლქვს და ფერთა კალეისოდკოპში ტიტების საოცარ სანახაობას წარმოგიდგენენ.

თუკი უფრო თბილ კლიმატში ცხოვრობთ და გნებავთ ყვავილობის სეზონის გახანგრძლივება, არჩევანი შეაჩერეთ ისეთ სახეობაზე, როგორიცაა დარვინის ჰიბრიდი, რადგან მისი ყვავილობა უფრო გვიან პერიოდში ხდება. ამ გზით, თქვენ ისიამოვნებთ ტიტების სილამაზით გვიან გაზაფხულზეც.

ჩვენს ყვავილების მაღაზიაში კი სხვადასხვა ტიპის ტიტების შეკვეთა ხდება მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ საჭიროა წინასწარი დაკავშირება და დეტალების დაზუსტება რათა მიიღოთ უმაღლესი ხარისხი, რომელიც თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გაბედნიერების პროპორციული იქნება.

ეს საიტი რეგისტრირებულია wpml.org-ზე, როგორც სატესტო საიტი. გადაერთეთ საწარმოო საიტის გასაღებზე remove this banner-ისთვის.